სკანდალური მხილებები, რომლებსაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებაზე, ჩვენთვის სიგნალია, ჩავხედოთ კანონმდებლობას, რომ დემოკრატიამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ორი თვის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომლის მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, რომელიც, როგორც ხედავთ, არის გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ამგვარი კანონმდებლობის საჭიროების მაგალითად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა.

„ის სკანდალური მხილებები, რომლებსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, შეერთებული შტატების საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ მნიშვნელოვანია ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და იყოთ მზად იმისათვის, რომ დემოკრატიამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან. ჩვენ ვნახეთ მხილებები იმასთან დაკავშირებით, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში. ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციას ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძნდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას არაკომერციული ორგანიზაციები იქნება ეს, თუ მედიასაშუალებები.

მათ შორიs, ნახეთ, რომ საერთაშორისო ცნობილი მედიასაშუალებებიც კი აღმოჩნდა, რომ ყოფილა დაფინანსებული სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან. აქედანაც ირკვევა, რომ, მაგალითად, „პოლიტიკო“ ან სხვა გამოცემა მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენებს და ჰქონდათ პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამიტომ ამ სკანდალურმა მხილებებმა გვიბიძგა, რომ ამაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი ორი თვის განმავლობაში ამ იდეებზე ვიმუშავებთ, დავაინიცირებთ კანონპროექტებს უახლოეს პერიოდში და გვექნება ამის საჯარო განხილვა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

მან ასევე ისაუბრა ამერიკული „ფარას“ კანონის ანალოგიური კანონის შემოღებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება „ფარას“. თქვენ ნახეთ, ეცადნენ, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეექმნათ რაღაც ბუნდოვანი გარემო, მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ გამჭვირვალობის იდეის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ - აი, არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა-სიტყვით, გადმოვიტანთ საქართველოში. თუკი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.