ამინდი უარესდება - ნახეთ, მომდევნო დღეების პროგნოზი
1728567840
ანაკლიის პორტის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ინიციატივაა თავისი მნიშვნელობით. საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ერთგვარ დამაკავშირებელი ხიდის სტატუსზე როდესაც ვსაუბრობთ, ანაკლიის პორტის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზისა და სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებას ვგულისხმობთ, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ოპონენტების იმ განცხადებაზე, რომ ანაკლიის პორტის აშენება ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა.
„მინდა, გთხოვოთ, რომ ერთი წუთით დავანებოთ თავი პარტიულ კუთვნილებას და ამ საკითხს შევხედოთ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თვალსაზრისით. დღევანდელი გადაწყვეტილება და მიმდინარე პროცესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ხომ ფაქტია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ განიხილა ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო იქნება – 51%-იანი წილის, ხოლო კერძო პარტნიორი 49%-იანი წილის მფლობელი.
„პორტის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც ექნება პოტენციალი, ერთი მხრივ, გახდეს მიზიდულობის ცენტრი დაინტერესებული ქვეყნებისთვის, გახდეს ნაწილი ფართომასშტაბიანი გლობალური პროექტების და, მეორე მხრივ, იყოს რეგიონული ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარალამენტის პრესსამსახური ავრცელებს.