სიახლე პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი წლიდან უნდა ამოქმედდეს

პირადობა

პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს მოწმობის წვდომის კოდს, რომელიც გამოიყენება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის და QR კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.). ასევე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება თითის ანაბეჭდი.

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები.

პროექტის თანახმად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე — 5 წლის ვადით; რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, ის განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე — არაუმეტეს 5 წლის ვადით.

კანონის პროექტის მიხედვით, ცვლილებები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.