პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2 პირი: 1984 წელს დაბადებული ვ.გ. და 1969 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები თბილისში, ავტომობილებით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით, სხვადასხვა დროს შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.