შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე -  დავით სერგეენკო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

sergeenko

შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე - უნდა ჩატარდეს არა კლინიკური აუდიტი, არამედ კონსილიუმი, როდესაც მკურნალი და მოწვეული ექიმები სხდებიან ერთად და მაგიდიდან იქამდე არ დგებიან, ვიდრე კონსენსუსამდე არ მივლენ, რომელსაც იქვე ხელმოწერით დაადასტურებენ, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, ყველაფერს ხელს საკითხის ჭარბი პოლიტიზირება უშლის.

„პროცესები ჭარბად პოლიტიზირებული და არასწორად ორგანიზებულია. რაც აქამდე ხდებოდა და რაც ახლა ხდება, არის არა კონსილიუმი, არამედ კლინიკური აუდიტი, როდესაც გარედან მოწვეული სპეციალისტები - იმის მიუხედავად, თუ ვისი ორგანიზებით - შედიან, მკურნალ ექიმებთან არ სხდებიან და არ მსჯელობენ და არ აანალიზებენ სიტუაციას იქამდე, ვიდრე კონსენსუსურ გადაწყვეტილებამდე არ მივლენ, რასაც ხელმოწერით დაადასტურებენ. აი, ეს არის კონსილიუმი. რაც ახლა ხდება, არის კლინიკური აუდიტი, როცა სპეციალისტები შედიან, სწავლობენ დოკუმენტაციას, სწავლობენ ვითარებას, მიდიან, წერენ დასკვნას, უგზავნიან, ისინი უგზავნიან პასუხს და ეს ასე გაუთავებლად გრძელდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.