შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის მთავარი შედეგი უნდა იყოს სოციალურ გარემოში ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელი ენის მაქსიმალური პრევენცია - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

 შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებენ მმართველ გუნდში. საუბარია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემურ მონიტორინგსა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზე.

"ქართული ოცნება" ინიციატივის მიზნად სოციალურ გარემოში ზიზღისა და სიძულვილის გაღვივების პრევენციას ასახელებს.

,,სიძულვილის ენის გამოყენება, დაპირისპირების გაღვივება საზოგადოებაში, საბოლოო ჯამში, იწვევს, რა თქმა უნდა, პოლარიზაციას. ამ შემთხვევაში, ხდება, ამ ვითარების უფრო მეტად მართვისა და პრევენციის მიზნით, სპეციალური დანაყოფის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც პროაქტიული იქნება და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იქნას პრევენცირებული", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

სიახლის შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გააკეთა.