შოთა ბერეკაშვილი: გვინდა, გავერკვეთ, რა პროცესები იწვევს ძალიან მაღალ ფასნამატს, არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია პროცესის ოპტიმიზაცია

შოთა ბერეკაშვილი

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საქმიანობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც კომისიას უხელმძღვანელებს.

კომისიის პირველი სხდომა 5 თებერვალს გაიმართება.

კომისია 14 დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია შვიდ-შვიდი წევრით იქნებიან წარმოდგენილი.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, აღნიშნული კომისიის მიზანია, შეისწავლოს ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე.

მისი თქმით, კომისიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სექტორში წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელის ოპერატორებთან.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესპროცესებში გავერკვეთ. როგორც მოგეხსენებათ, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მსგავს სხვა ქვეყნებში. გვინდა, გავერკვეთ, რა პროცესები იწვევს ძალიან მაღალ ფასნამატს. თეორიულად, შეიძლება, ეს განპირობებული იყოს მაღალი საოპერაციო ხარჯებით, კაპიტალის სიძვირით, ასევე ზებუნებრივი მაღალი მოგების მარჟებით. კონკრეტული მექანიზმები არსებობს, რომელთა გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული პროცესის ოპტიმიზაცია. ასევე შესაძლებელია კონკურენციის გაჯანსაღება, რაც ფასების კონკურენციასა და სტაბილურობაზე აისახება. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესის სწორი იმპლემენტაცია გამოიწვევს ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას, რაც პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების ფასების შემცირების დინამიკაზე აისახება. იგივე პროცესი იქნება მედიკამენტებზე. შევისწავლით, რა განაპირობებს ფასების ზრდას. სწორი ანალიზით და ბიზნესებთან, ექსპერტებთან სწორი მიდგომით ფასების შემცირებას შევძლებთ. პროცესი იქნება გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩვენი მიზანია, ბიზნესს დავეხმაროთ, რათა ბიზნესპროცესი იყოს უფრო ხარჯეფექტური, გამჭვირვალე და ბაზარი კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში, ფასების შემცირებაზე აისახება“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.