შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი

შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მმართველი გუნდის მიერ კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც  იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

საკითხს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი, პიტერ სტანო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი საქმე გასწია ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებისთვის.