„შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში თქვა, რომ გამჭვირვალობა არის ანტიდემოკრატიული ან რუსული მოვლენა“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედება არ შეაჩერა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო კანონის აღსრულება შეეწყვიტათ, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონის გარკვეულ მუხლთან დაკავშირებით, დამატებითი მსჯელობა ექნებათ:

"საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეჩერდება კანონი, მაგრამ კანონის გარკვეულ მუხლთან დაკავშირებით, მათ დამატებითი მსჯელობა ექნებათ. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველა კანონთან დაკავშირებით უნდა იყოს სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი. რადგან თავისთავად შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში შენ თქვა, რომ მედია იქნება ეს, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ნებისმიერი სხვა, გამჭვირვალობა არის არის ანტიდემოკრატიული ან რუსული მოვლენა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების ნაწილი. მოსარჩელე მხარეა პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია. მათ მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული კანონი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არის არაკონსტიტუციური - მოპასუხე მხარე სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობა იქნება.