1759260719
,,შემაძრწუნებელია ის რეალობა, რომ ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს" - გიორგი ვოლსკი

სუს-ის მიერ გაშიფრული სქემის შესახებ, რომელშიც სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი ფიგურირებს, შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაში." მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში ახალგაზრდებს მიზანმიმართულად წვრთნიან "ტერორისტული აქციების" ჩატარებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს.
"გიული ალასანიას უმაღლესი სასწავლებელი არ არის ერთადერთი. ჩვენ კარგად ვნახეთ, გავიგეთ რა სქემით მუშაობენ, მაგრამ შემაძრწუნებელია ის რეალობა, რომ ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს. პირდაპირ, ლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა პირდაპირ ითვალისწინებს ახალგაზრდების იმაში დარწმუნებას, რომ ტერორიზმი არ არის ცუდი მოვლენა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
სუს-ის მიერ გაშიფრული სქემა კონკრეტულად ალასანიას უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ ორგანიზაცია "ჰაი სქულ ჯორჯიას" ეხება. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ გარკვეული ძალები ქვეყანაში მოქმედი რეგულაციის - კონკრეტულად კი გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით, ალტერნატიულ გზებს ეძებენ.