ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ისევ ცვლილებები შედის, რომელთა მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება დგინდება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება.
ცვლილებებით, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც.
კერძოდ, ცვლილებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეკრების, მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება შეტანილი უნდა იყოს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს ხუთი დღის. კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნება, გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს გაფრთხილება, ასევე არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში შეთავაზებული ალტერნატიული დრო, ადგილი ან სვლაგეზი, თუ სამინისტრომ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
პროექტში აღნიშნულია, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
„ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და ორგანიზატორს მიმართოს და გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეკრება-მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებული იყოს საერთაშორისო სამართლითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, – ნათქვამია პროექტში.
ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი.