შეფასებები თითქოს აქციები იყო მშვიდობიანი, არის უპასუხისმგებლო და რადიკალურ ჯგუფებს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს - ოთარ გრიგოლია

ოთარ გრიგოლია

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივ უზუსტობებსა და ცალმხრივ შეფასებებზე დაფუძნებული ასეთი ანგარიშები საქართველოს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომელზეც საქართველოს საკითხს განიხილავენ.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, მსგავსი რეზოლუციები აღიქმება, როგორც ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, რომელიც ანტაგონისტურად განწყობილ ჯგუფებს ახალისებს. საქართველოს დელეგაციამ დელეგატებს მოუწოდა არ დაუჭირონ მხარი მსგავს რეზოლუციებს, რომლებიც მიკერძოებულ აღქმებზეა დაფუძნებული.

„გვინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ პროტესტები, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი გასული წლის ნოემბრიდან მიიღო, რიგ შემთხვევებში არ იყო მშვიდობიანი. ამის შედეგად, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწიათ შესაბამისი რეაგირება, რათა უზრუნველეყოთ მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება და დაეცვათ სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. ამ მოვლენების ფონზე, 150-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ხასიათის იყო ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. შეფასებები კი, თითქოს აქციები იყო მშვიდობიანი და მათ პოლიცია უმიზეზოდ არბევდა არის უპასუხისმგებლო და რადიკალურ ჯგუფებს კარდინალური ქმედებებისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მისივე განმარტებით, სახელისუფლებო გუნდს არასდროს უთქვამს უარი ევროინტეგრაციის პროცესზე, იგი ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების ინიციირების მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რეზოლუციაში გამოხატული მზადყოფნა „პოლიტიკური დიალოგი აწარმოოს კონგრესში საქართველოს დელეგაციასთან, მისი სრული შემადგენლობით“, ქვეყანაში პოლარიზაციის შესუსტებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მხრიდან, ვადასტურებთ მზადყოფნას აღნიშნულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. რადგან წინ არის ადგილობრივი არჩევნები, ვიმედოვნებთ, რომ კონგრესთან თანამშრომლობა დაეხმარება მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესებს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლია.