1728499899
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე ინვესტირება დაწყებულია, საქართველოს მხრიდან უკვე დახარჯულია 2.5 მილიონი ევრო - ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით 75 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს მიმართავს.
როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ბანკთან, როგორც თანხის ოდენობაზე, ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე.
„დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მისივე თქმით, ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ინვესტირება. 2.5 მილიონი ევრო უკვე დახარჯულია საქართველოს მხრიდან, რომელიც გულისხმობს ე.წ. ფიზიბილითი სტადის (Feasibility study) შესწავლის განხორციელებას. მიმდინარე წელს აღნიშნული შესწავლა უნდა იყოს დასრულებული. დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიური შედეგებით იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარი შესწავლაც, შედეგების მიხედვით, ასევე საკმაოდ პოზიტიური იყო.
ამ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩატარება, შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო ბანკს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ, რომელიც, ჯამში, შეადგენს 75 მილიონ აშშ დოლარს. ამ თანხასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა როგორც თანხის ოდენობაზეც, ასევე კონკრეტულ მიმართულებებზეც და უკვე შეჯერებული ვართ მსოფლიო ბანკთან.
75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით. ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაახლოებით დაჯდება 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და დაიხარჯება საქართველოს მიერ. ასევე გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას, რათა სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე 5 მლნ ევრო გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისთვის. ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ჩვენი პარტნიორები შემდგომ ეტაპებზე, როდესაც გვექნება შესაბამისი შესწავლის დოკუმენტი, რომელიც წელს უნდა იყოს და ასევე ის შედეგები, რასაც კვლევა უშუალოდ დადებს აღნიშნული კონტრაქტებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.