დოჰაში მოლაპარაკებების შემდეგ, პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

დოჰა

დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„შეთანხმება მიღწეულია“, – დაწერა პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა მუჰამედ ასიფმა X-ზე და აღნიშნა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს სტამბოლში 25 ოქტომბერს გამართავენ.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კი განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სრულ და მნიშვნელოვან ცეცხლის შეწყვეტაზე.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც თურქეთთან ერთად შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ შემდგომი შეხვედრები „ცეცხლის შეწყვეტის მდგრადობის უზრუნველყოფას და მისი საიმედო და მდგრადი განხორციელების შემოწმებას“ ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობის შედეგად, დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა პაკისტანსა და ავღანეთს შორის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა. მხარეებს შორის დაპირისპირება 15 ოქტომბერს განახლდა, რა დროსაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ მხარეები 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.