გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
არ შეიძლება ელჩი ავლენდეს რაიმე ტიპის პრიორიტეტს ან ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ინტერესთა კონფლიქტი აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სახლის დაქირავების შესახებ საუბრისას.
შარმანაშვილის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ელჩის ამგვარი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ელჩის ასეთი ტიპის საქმიანობით, რომ მან გარკვეული პოლიტიკური გადახრები განახორციელა, თავისი პრიორიტეტები საჯაროდ გამოაცხადა და ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციისგან, რომლის მიმართაც ძალიან დიდ სიმპათიებს ავლენს, უკვე ისეთი ურთიერთობაც აქვს, რომ სახლსაც კი ქირაობს და კაცმა არ იცის რა პირობებით, იმიტომ რომ ითქვა, რომ არსად ფიქსირდება საგადასახადო ორგანოებში და ა.შ.. რა თქმა უნდა, ეს იქნება სრული დარღვევა დიპლომატიის ქცევის წესებისა იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.