შალვა პაპუაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რიგით მეორე საერთაშორისო ტელემარათონის მონაწილეებს მიმართა

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის მხარდამჭერი რიგით მეორე საერთაშორისო ტელემარათონის მონაწილეებს მიმართა.

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს კიევის დღეს, გისურვებთ, იყოთ გამარჯვებულები თქვენი ქვეყნის დაცვაში, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რიგით მეორე საერთაშორისო ტელემარათონის, „გადავარჩინოთ უკრაინა“ მონაწილეებს.

ტელემარათონის მონაწილეებს მიმართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრმა იან ბორგმა, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა, უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა.

ტელემარათონი, რომელიც United24 Global-ის ინიციატივით, ბერლინსა და კიევში ერთდროულად გაიმართა, ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გადაიცა. შეგროვებული მატერიალური რესურსი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.