პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განათლების სისტემაში რეფორმები განხორციელდა, არაფრიდან შეიქმნა ინფრასტრუქტურა, აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები და ამის მთავარი ავტორი იყო მიხეილ სააკაშვილი.
თინა ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი დღეს სწორედ ამ რეფორმების გამო ზის ციხეში.
„თქვენ გვეკითხებით, თამარ (თამარ ტალიაშვილი), რა გააკეთა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განათლების სისტემაშიო? არაფრიდან შეიქმნა ინფრასტრუქტურა, ასობით სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, ათობით ახალი სკოლა შენდებოდა ყოველ წელს და დიახ, არასოდეს დავზარდები, შეგახსენოთ, რომ ადამიანი, ვინც იყო ამის მთავარი ავტორი, დღეს ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული, ამისთვის, სწორედ ამ რეფორმებისთვის, სწორედ ამ ახალი ხედვისთვის, სწორედ იმ იმედისთვის, რომელიც მან საქართველოს მისცა, იმ მომავლისთვის, რომელიც საქართველოში გაჩნდა, მისი წყალობით, მისი ხედვით, მისი პერსონალური ძალისხმევით და ინვესტიციით, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ბოღმამ, რომელიც თქვენ გამოძრავებთ და პოლიტიკურმა ბოღმამ, რომელიც საერთოდ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია, პოლიტიკურად დაგაბრმავათ და ვეღარაფერს ადეკვატურად ვერ აღიქვამთ. შეიძლება, მაშინაც იყო რაღაც კარგი, რაღაც ცუდი, მაგრამ თქვენი კითხვა იმასთან დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა გააკეთა განათლების სისტემაშიო, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.
თინა ბოკუჩავას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის არა რეფორმებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მან აცემინა საქართველოს პარლამენტის წევრი და ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე ხალხს.
„ქალბატონო თინა, ვინაიდან საუბრობდით დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილზე, რომ ის რეფორმების გამო ზის ციხეში, უბრალოდ შეგახსენებთ, სააკაშვილი დღეს იხდის სასჯელს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამტყუნებული იმისთვის, რომ მან თითქმის სიკვდილამდე აცემინა საქართველოს პარლამენტის წევრი და ის იხდის სასჯელს, რადგან მან ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.