შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს

პაპუაშვილი

ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც ჩვენ ვხედავთ დაძაბულობის შექმნის მცდელობებს, ამიტომ იმყოფებიან ადგილზე ჩვენი ლიდერებიც, რომ არანაირი ექსცესები არ მოხდეს. ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ბათუმში ხდება სრულად ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება. იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო ამის პილოტირება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენ იმაში, რომ საბოლოო ჯამში გადავიდეთ ხმის მიცემის სრულად ელექტრონულ პროცედურაზე. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსახლეობას ჰქონდა საკმარისი დრო, რომ კიდევ ერთხელ შეეხედა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და გამოეტანა საკუთარი დასკვნა, ვინ დგას ამ ქვეყანაში განვითარებისა და წინსვლის მხარეს და ვინ არის არეულობის და ქვეყნის უკუსვლის მომხრე. ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც ჩვენ ვხედავთ დაძაბულობის შექმნის მცდელობებს, ამიტომ იმყოფებიან ადგილზე ჩვენი ლიდერებიც, რომ არანაირი ექსცესები არ მოხდეს. ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს. დღეს არჩევანი კეთდება არა მხოლოდ ბათუმსა და რუსთავში, არამედ იმ საკითხებთან დაკავშირებით​, რომელზეც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დისკუსიის შექმნის მცდელობა იყო, მათ შორის უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს ​პოზიციონირებასთან დაკავშირებით. დღეს ბათუმელი და რუსთაველი ამომრჩევლები ამ საკითხზეც გასცემენ პასუხს“, - აცხადებს პაპუაშვილი.