შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ გიორგი მოდებაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას, ნებისმიერი იურისტისთვის ეს უმაღლესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა

მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

„ვულოცავ ბატონ გიორგის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას. ნებისმიერი იურისტისთვის ეს უმაღლესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს არის მწვერვალი იურიდიული საქმიანობისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ამ პატივს და ამავდროულად, ამ ტვირთს შესაბამისი ტარებაც სჭირდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის სამართლებრივ განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, თავის თავში გულისხმობს, რომ ამ პატივს და, ამავდროულად, ამ ტვირთს შესაბამისი ტარებაც სჭირდება. გისურვებთ, რომ ეს ტვირთი თქვენი საქმიანობით, უპირველეს ყოვლისა, თქვენი საკუთარი პროფესიისა და კონსტიტუციის წინაშე შესაბამისად გეტარებინოთ. წელს აღვნიშნავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილეს და ამ მხრივაც განსაკუთრებული წელია. შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ის კონსტიტუციური საფუძვლები, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ განვითარებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე გუშინ დანიშნა. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამ მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.