1738268525
შალვა პაპუაშვილი: ვიზიტი მქონდა უნგრეთში, როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე და იმაზე თუ რას ნიშნავს თანამშრომლობა ევროკავშირის და ევროპულ სივრცეში, ეს არის მაგალითი, როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ქვეყნებმა
ვიზიტი მქონდა უნგრეთში, როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე და იმაზე თუ რას ნიშნავს თანამშრომლობა ევროკავშირის და ევროპულ სივრცეში, ეს არის მაგალითი, როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ქვეყნებმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ უნგრეთში გვქონდა თბილი, მეგობრული და წარმატებული ვიზიტი. ზუსტად იმ დღეებში იმართებოდა სხდომა ბრიუსელში, სადაც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებდნენ და უნგრეთმა იქ თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. არა მხოლოდ ხმა არ მისცა ამ გადაწყვეტილებას, დაბლოკვა ამ შემთხვევაში არ შეეძლო, თუმცა წინააღმდეგ წავიდა, არამედ თქვა, რომ ის, რაც მიიღო იმ საბჭომ, ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უნგრეთი არ აპირებს. საინტერესოა, რომ დავაკვირდეთ, რომელი ქვეყანა, რომელი ხელისუფლება აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას.
მთავარი, რაც შეცვლის მოცემულობას, ეს არის საღი აზრი. ჩვენ ბოლო ადმინისტრაციის პირობებში 4 წელი გამრუდებული აზრების მოსმენაში ვიყავით და აღმოჩნდა, რომ ერთი ინაუგურაციის დღე იყო საკმარისი, რომ საღ აზრს გაემარჯვა რამდენიმე მიმართულებით. იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ბიოლოგიაზე დავხუჭოთ თვალი, რაც უცხოური დახმარების ქოლგის ქვეშ სინამდვილეში ხდებოდა. როგორც პრეზიდენტი ტრამპის განკარგულებაშია ნათქვამი, ხდებოდა ქვეყნებში ჰარმონიული განვითარების ხელშეშლა, იდეების შეტანა, რომელიც საბოლოო ჯამში სტაბილურობას უქმნიდა საფრთხეს. ჩვენც ამას ვამბობდით „გამჭვირვალობის კანონზე“, რომ ვიცოდეთ რა ფული სად იხარჯება, რა მიზნებისთვის იხარჯება, თუკი რაიმე მავნებლობასთან გვაქვს საქმე ამასაც დაინახავს ადამიანი გამჭვირვალედ. საღი აზრი გამარჯვებს. უნგრელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, სწორედ ეს არის მათი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ როგორც იქნა საღი აზრი ბრუნდება. ვფიქრობ ბევრმა ამოისუნთქა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილია ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზეც.
„მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რამდენი რაღაც გვესმის, რაც ყველამ იცოდა, ყველა ფიქრობდა, მაგრამ ზოგი მალავდა, ზოგს აიძულებდნენ, რომ არ ელაპარაკა იმაზე, რომ სინამდვილეში უკრაინას შეეძლო ეს ომი აქამდეც დაესრულებინა. თავად უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ 2022 წლის მარტში მზად ჰქონდათ მათ სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგები და ბრიტანეთის ხელისუფლებამ გააჩერა ისინი, რომ არა, გააგრძელეთ ომი და ჩვენ მოგყვებით ბოლომდე. სინამდვილეში ეს ბოლომდე არაფერს ნიშნავდა და იყო ცარიელი სიტყვები. ვხედავთ ახლა უკრაინას, რომ უკვე სხვა პირობებში უწევს სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება.
ამის საპირწონედ ვხედავდით მილიონობით ჩასხმულ ფულს ენჯეოებში, რომ რაიმენაირად ეს თემა გამოეტანათ ისე, რომ აი, ახლა დამარცხდება რუსეთი, აქედან უნდა შევუტიოთ და გავუხსნათ მეორე ფრონტი. გონჩარენკო რომ გვეუბნებოდა, გაისეირნეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიო, თითქოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან და ან აქედან გამსეირნებლები არ იქნებოდნენ დაზიანებული, ან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გაგვიხადეს გონჩარენკო, ზელენსკი და არესტოვიჩი გმირებად. გახსოვთ თქვენ პირველი დღეები ომისა, როდესაც ზუსტად იგივე ხალხი, ვინც დღეს გამოდის ქუჩაში, იდგა პარლამენტის წინ და ითხოვდა სანქციების დაწესებას, მებრძოლების გაგზავნას და ჩართვას ომში. დღეს ეს ხალხი გამოდის და ზოგი ირონიით ამბობს მშვიდობა რა არისო.
ამ ადამიანებმა მადლობა გადაუხადონ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ არ დავუჯერეთ და ქართველმა ხალხმა ამაში ზურგი გაგვიმაგრა. ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა, დღეს ევროპასა და არა ევროპაზე სასაუბრო კი არ იქნებოდა, ვინ ვის საფლავს დაიტირებდა ამაზე იქნებოდა საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.