ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება
1771832155
სამწუხაროა, რომ ესტონეთს საქართველო, ფაქტობრივად, მტრად ჰყავს გამოცხადებული უკვე რა ხანია. მტრული პოლიტიკა, რომელსაც ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს, ძალიან მძიმეა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ესტონელი ხალხის მიმართ გვაქვს სიმპათიები, თუმცა ესტონეთის ხელისუფლებას აქვს მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ ესტონეთის ელჩმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ღიმილის მომგვრელია, რომ განათლების რეფორმის საკითხში ძალიან უხეშად და ცინიკურად ერევა ესტონეთის ელჩი.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც ახლა საქართველოში ხორციელდება, ფაქტობრივად, ესტონური მოდელია და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი.
„შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ხელისუფლებას 102 ადამიანი ჰყავს არასასურველ პირად გამოცხადებული, ლამის ნახევარი მთავრობა, ნახევარი პარლამენტი, ნახევარი სასამართლო და არ ვიცი, კიდევ რამე თუ გამორჩათ. ეს არის, რა თქმა უნდა, მტრული ნაბიჯი. ესტონეთში არეგისტრირებენ ყალბ რეგისტრაციებს და ფიქტიურ რეგისტრაციებს აწარმოებენ საქართველოდან იქით გადარეგისტრირებული ორგანიზაციები. ესტონეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ. არ ვიცი, მათი დაფინანსებაც არის თუ არა, მაგრამ აქაც ჩანს, რომ მტრული პოლიტიკაა საქართველოს მიმართ. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი საკითხია, რომ განათლების რეფორმის საკითხში ერევა სომხეთში ესტონეთის მომავალი ელჩი, რომელიც ჯერჯერობით აქ არის, მაგრამ ვიცით, რომ თავის თავს უკვე ხედავს, როგორც სომხეთში ესტონეთის ელჩად. ერევა ძალიან უხეშად, ცინიკურად.
მთელი ცინიზმია იმაში, რომ სინამდვილეში, რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, არის, ფაქტობრივად, ესტონური მოდელი, რომელზეც საქართველოს უმაღლესი განათლება გადადის. ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი.
არ ვიცი, ალბათ თავისი ქვეყნის უმაღლესი განათლება არ მოსწონს ესტონეთის ელჩს. თუკი ავიღებთ უნივერსიტეტებს, რომლებიც არის სრულყოფილი, აქვთ სამივე საფეხური სადოქტოროს ჩათვლით, ესტონეთში არის სულ შვიდი უნივერსიტეტი, საიდანაც ექვსი სახელმწიფო, ერთი კერძო უნივერსიტეტია. ვგულისხმობ უნივერსიტეტს, ისე არის 15-მდე, თუ არ ვცდები. ჩვენთან არის, თუ არ ვცდები, 54 სრულფასოვანი უნივერსიტეტი, საიდანაც 15 არის სახელმწიფო და დაახლოებით 40 კერძო. ანუ, შვიდი უნივერსიტეტი 54 უნივერსიტეტის საპირწონედ. ესტონეთის უნივერსიტეტები მუდმივად არიან საერთაშორისო რეიტინგებში სამასეულში, ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტები ათასის მიღმა არიან, იცით რატომ? იმიტომ, რომ ესტონეთმა თავის დროზე, წლების წინ ჩაატარა ზუსტად ის რეფორმა, რასაც ჩვენ ახლა ვატარებთ. გაამსხვილა უნივერსიტეტები, სპეციალიზირება დააწესა. სულ ერთი სამედიცინო უნივერსიტეტია მთლიანად ესტონეთში. კონცენტრირება მეცნიერებისა, დაფინანსების კონცენტრირება – ანუ, ზუსტად იმას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რაც თავის დროზე გააკეთა ესტონეთმა. დღეს ესტონეთის ელჩი თავს ესხმის ესტონურ მოდელს, ამაზე მეტი ცინიზმი არ ვიცი. ჰგონია, რომ არ გვაქვს ცოდნა, ვერ გავიგებთ ესტონეთში რა სისტემა არის და აქ რა სისტემა? ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს არის მკაფიო დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლისა, თუმცა ახლა ესტონეთის ელჩს რა უნდა მოვთხოვოთ, როდესაც მისი ხელმძღვანელი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქ მიტინგებს გვიმართავდა. საერთოდ არ მგონია, რომ ვენის კონვენცია მათთვის რაიმე ღირებულებას წარმოადგენდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.