1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები წარმოაჩენს, რომ კულტურული იდენტობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული კავშირის მომავლის განსაზღვრის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს სხვა რეგიონები ევროპას ეკონომიკურად როცა უსწრებენ, ზრდიან თავიანთ მოსახლეობასა და სამხედრო შესაძლებლობებს, ევროპის პასუხი ჩვენი საერთო მემკვიდრეობიდან, ღირებულებებისა და მომავლის დამაჯერებელი ხედვიდან უნდა მომდინარეობდეს.
„ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს. სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც.
„ევროპა ყოველთვის ვითარდებოდა და მისი ამჟამინდელი ინსტიტუციური ფორმა – ევროპული კავშირი – არ წარმოადგენს სრულიად ევროპას. ამიტომ, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც. ჩვენს შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენი პარლამენტარიზმის საფუძვლები მაგნა კარტის ხელმოწერის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც საქართველო აბსოლუტური მონარქიის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობის მომსწრე გახდა. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ. მე წარმოვადგენ პარლამენტს, რომელიც დემოკრატიულად პირველად იქნა არჩეული 1919 წელს, რომელშიც წარმოდგენილი იყო პირველი, საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო, პროგრესული სოციალურ-დემოკრატიული უმრავლესობა და რომელმაც უზრუნველყო ქალების სრული საარჩევნო უფლებები, მათ შორის ხუთი პარლამენტარი ქალი იქნა არჩეული, 106 წლის წინ. შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს არა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანებას, არამედ დაგვიანებულ ხელახალ გაერთიანებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.