შალვა პაპუაშვილი: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია,კედლებიც ამოყვანილია, დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურ-ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ

შალვა პაპუაშვილი

ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ
ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ზუგდიდში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს მოსახლეობისგან ხმას ითხოვს ხალხი, რომლისგანაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩაიბარა. მისივე განცხადებით, 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შედეგად, მილიონი ადამიანი უმუშევარი და
ღარიბი იყო, ქვეყანაში შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი.


„დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ. რაც არ უნდა გულში ჩაიხუტონ მათმა უცხოელმა მფარველებმა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით როგორი საქართველო დატოვეს 2012 წელს. სამ მილიონ ნახევრიანი ქვეყანა, სადაც მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი
იყო; ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონშიც კი ჩამორჩენილი იყო; ქვეყანა, სადაც შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც, ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული; ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ბეწვზე გადაურჩა ახალ ომს, 2008 წელს კი ომის ქარცეცხლში გახვიეს.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ვითარება, 2012 წელს მოსახლეობის გადამწყვეტმა ხმამ შეცვალა და ქართველ ხალხს იმედი დაუბრუნა.

„2012 წელს თქვენმა გადამწყვეტმა ხმამ ეს ყველაფერი შეცვალა და იმედი დაუბრუნა ქართველ ხალხს. ჩვენი ერთად დგომით შევძელით, რომ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, რის შედეგადაც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უკვე დაძლია სიღარიბე; ეკონომიკური ზრდის ტემპებით არა თუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ - გასამმაგებული ეკონომიკით, გასამმაგებული ბიუჯეტით, გასამმაგებული საშუალო ხელფასით.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.