შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ევროკავშირში პროგრესის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია - ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, მან პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

შალვა პაპუაშვილი

დღეს საქართველოს ევროკავშირში პროგრესის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია. ისინი მოიფიქრებენ მილიონ საბაბს ამასთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, მისი დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს, მან პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კრიტიკას.

„სანამ ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემას არ დაიწყებს ბრიუსელი, ჩვენ ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს რომ არ სცემდა საბჭოთა კავშირი, იმიტომ გამოვექეცით და ახლა თავი უნდა შევყოთ ისეთ ბიუროკრატიაში, რომელიც ისე მოგვექცევა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვექცეოდნენ. ვეთანხმები ბატონ ფიშერს, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი და ურთიერთობა ევროკავშირთან, ეს არის პრობლემა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.