შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა. ამ წნეხის მოსახსნელად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება

პაპუაშვილი

რამდენიმე საკითხია, რომელიც დღეს არის ფაქტი. პირველი ფაქტი არის, რომ საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი. ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედური სახით ვნახეთ, როდესაც საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩიც კი იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრები და მინისტრები საპროტესტო აქციებშიც კი იღებდნენ მონაწილეობას.

„ფაქტია, რომ ეს ინტერესი არა თუ დაიკლებს, არამედ იქნება კიდევ უფრო მაღალი, უხეში და თავხედური. ჩვენ ვნახეთ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ უცხო ძალებმა. ვიხილეთ როგორ იყენებდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები უცხო ქვეყანაში მყოფი ქართველებისა იმისთვის, რომ შემდეგ ისინი ჩაეშვათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და მათი დეპორტაცია წაექეზებინათ, დაეშინებინათ, რომ თუკი ისინი არ მოიქცეოდნენ ისე, როგორც მიუთითებდნენ, შესაძლოა მათი დეპორტაცია ყოფილიყო შედეგი.

აშშ-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩივიან იმაზე, რომ არის უცხო ჩარევა მათ არჩევნებში. ჩვენ ვიყურებით წინ, რომ არ იყოს არჩევნებზე უცხოეთიდან მავნე ზეგავლენა ხელისუფლების თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და რისკები გამოირიცხოს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც წნეხის ქვეშ იყვნენ 2024 წელს.

როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან ამგვარი წნეხის, რომელიც უკვე ღია და აშკარაა. მათთვის ამ წნეხის მოსახსნელად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ოთხ წელში ერთხელ საკუთარ სამშობლოში ჩამოვიდნენ და მისცენ ხმა. 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება საპარლამენტო არჩევნები. ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი პოლიტიკური ხმა დააფიქსიროს, აქვს შესაძლებლობა, რომ აქედანვე მოემზადოს, ჩამოვიდეს საკუთარ სამშობლოში და მისცეს ხმა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.