პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით, შევხვდით უამრავ გულანთებულ პატრიოტ ქართველს, რომლებსაც ყოველგვარი დათქმების გარეშე უყვართ თავისი ქვეყანა, ალალად, გულწრფელად, თავდადებით. და დღეს, ჩვენი ერთობა დაგვირგვინდა საქართველოს გულში, ჩვენს მრავლისმნახველ, მრავალჭირგადახდილ, ამაყ, ქედმოუხრელ და უდრეკ დედაქალაქში,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
პაპუაშვილის განცხადებით, თბილისში, ყველაზე ძლიერად ისმის საქართველოს გულისცემა, თბილისში ერთიანდება ქართველი ერის წარსული და აწმყო.
„აქ ყველაზე ძლიერად ისმის ქვეყნის გულისცემა. აქ ერთიანდება ჩვენი წარსული და აწმყო. აქ იწერება ჩვენი ისტორია. ქართველების ისტორია, რომელიც გოლიათთან მებრძოლი დავითის ისტორიაა. ასე გვარგუნა ბედმა და განგებამ. ასე იყო უწინ და ასეა დღესაც.
ეს განსაზღვრა იოანე ზოსიმემ, როცა გვამცნო ქართული ენის, ქართველი ერის მისია, როლი და ფუნქცია კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებების მოდარაჯე, მცველი ქრისტიანული მრწამსისა, და შესაბამისად, ვართ მცველი უმთავრესი ფასეულობის - ადამიანის. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ ქართულ ანუ ევროპულ ღირებულებებზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ყალბი პროგრესის მედროშეებმა საქართველოს ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, ლიბერალიზმის სახელით წაბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი ქართველი მეფეები მოღალატეებად გამოაცხადეს.
„ჩვენ თვალწინ კი ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს. ყალბი პროგრესის მედროშეებმა ჩვენი ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, რელიგია ფსევდოლიბერალიზმით ჩაანაცვლეს, სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მართლმადიდებლობა კი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოაცხადეს. ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. ფსევდორელიგია იკავებს მედიას, სკოლებს, წალეკვით ემუქრება ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის, და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.