შალვა პაპუაშვილი: ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ

 შალვა პაპუაშვილი

 ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ამგვარად უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილის შესახებ, რომლებშიც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი“.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ამ წერილში ყველაზე ზუსტი ტერმინია გამოყენებული.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული - ავაზაკური რეკეტი. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე, რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავალობაში, მათ შორის, ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტი იმდენად ექვემდებარება გავლენებს, რომ შეუძლიათ, პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ისა საკითხი - ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ.

ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამ მცდელობებს ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებოდით, მათ შორის, მაშინ, როდესაც ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო. გახსოვთ მაშინ, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არმყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში, ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ რა ძალებია ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, - ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს, 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე. ადვოკატი წერს, რომ „ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო“.