შალვა პაპუაშვილი: კანონპროექტის ინიციატორ და მხარდამჭერ დეპუტატებს მოღალატეებად აცხადებდნენ, დუმს ყველა საელჩო, ეს საკითხები როცა ჩაივლის, მათთან გვექნება საუბარი

 შალვა პაპუაშვილი

ძალადობის სპირალს საფუძველი ჩაუყარა „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა და ვცდილობთ, ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის წერილიც საზოგადოების სპირალიდან გამოყვანას ემსახურება.

„ძალადობის სპირალს საფუძველი ჩაუყარეს მათ შორის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პირდაპირ ზიზღის კამპანია გააჩაღეს კანონთან დაკავშირებით, ლეგიტიმაციაც კი ჰქონიათ მიცემული ამ კამპანიისთვის. ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი აინიცირებს კანონპროექტს, განიხილავს მას, პოლიტიკურ უმცირესობას არ მოსწონს და ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი აძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს იყოს საფუძველი ზიზღის, მუქარის, ძალადობის კამპანიისა. ვნახეთ ზიზღი, როდესაც „ენჯეოები“ და ოპოზიცია პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები არიან, მოღალატეებად აცხადებდნენ და ოფიციალურ ვებგვერდებზე, რომელიც დაფინანსებულია საელჩოების მხრიდან, დებენ სურათებს. დუმს ყველა საელჩო და ფულს იხდის საქართველოს პარლამენტის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლასა და თავდასხმაში და არც კი თვლის საჭიროდ, გაემიჯნოს ამ ყველაფერს. ეს საკითხები როცა ჩაივლის, ამ საელჩოებთან გვექნება საუბარი, რას ნიშნავს, როცა პარლამენტის წევრზე ფსიქოლოგიურ თავდასხმას და ზიზღის კამპანიას აფინანსებენ საელჩოები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულით. ლეგიტიმაციას აძლევენ ზიზღს, ძალადობას. ალეკო ელისაშვილის შემთხვევას გავიხსენებ, რომელსაც ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ. ამ ძალადობის სპირალს საფუძველი ჩაუყარა „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა, ამ სპირალში ახლა საზოგადოება. ვცდილობთ, ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის წერილი ამას ემსახურება, ამ სპირალიდან უნდა გამოვიდეს საზოგადოება. ამ სპირალში შეიყვანეს ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა, მათ, ვინც ქართველ ხალხს აუკრძალეს ფიქრი და დისკუსია, თქვეს, რომ არც კი გაბედოთ მუხლებზე მსჯელობა, ამას დავარქმევთ რუსულ კანონს და მორჩა, იყვირეთ და ყვირილით ჩაახშეთ ნებისმიერი საღი აზრი. პარლამენტში როცა განხილვებია, მოვუწოდებთ, შემოდით დისკუსიაში, გვითხარით, შინაარსობრივად რა საწინააღმდეგო არგუმენტი გაქვთ. ვისაც უნდა, ამ სპირალიდან გამოსვლა, სადაც შეგვიყვანეს „ენჯეოების“ და რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლებმა, საღ დისკუსიაში შევიდეს და არა სლოგანების სროლაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.