შალვა პაპუაშვილი ISFED-ზე: თუკი ისინი პარლამენტთან ულტიმატუმით საუბარს კვლავ აგრძელებენ, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე საუბარი რთული იქნება

შალვა პაპუაშვილი

"ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ - ისინი კვლავ მხარს უჭერენ ამ მოთხოვნას [ტეკნიკური მთავრობის შექმნა და ამ პროცესში ვეტოს უფლება] თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ. თუკი ისინი კვლავ აგრძელებენ ულტიმატუმით საუბარს პარლამენტთან, ამ შემთხვევაში აქ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე დღეა ვხედავთ მცდელობას, რომ აღქმებით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები კი არის სინამდვილეში მარტივი, რაც „სამართლიან არჩევნებს“ შეეხება. თქვენ გახსოვთ, რომ ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, მათ შორის ISFED-ის ორგანიზებით გაიმართა აქცია, სადაც ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს წამოუყენა ერთკვირიანი ულტიმატუმი, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების პროცესშიც ISFED-ს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ექნებოდათ ვეტოს უფლება. ანუ გადამწყვეტი ხმა მთავრობის ფორმირებაში. იცით რომ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში ტივტივებს და ეს ულტიმატუმი მათ არ მოუხსნიათ. მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, გვქონდა ამაზე კომუნიკაცია. ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ - ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს, კვლავ მხარს უჭერენ ამ მოთხოვნას, თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ.

ამ ჩვენ შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუკი ისინი არ იზიარებენ ამ მოთხოვნას, შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ თუკი ისინი კვლავ აგრძელებენ ულტიმატუმით საუბარს პარლამენტთან, ამ შემთხვევაში აქ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი. ISFED-სგან ვერანაირი პოზიცია მოვისმინეთ, უარს ამბობენ, რომ გაემიჯნონ ამ მოთხოვნას, აქედან გამომდინარე სამუშაო ჯგუფში მოწვეულნი ისინი არ იყვნენ.

გავეცანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, მათ შორის მათსას, ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში, რომ დროებით აჩერებენ საკუთარ მუშაობას ამ ჯგუფში, რაც არის დასანანი. ერთი მხრივ, თითქოს ეს არის გარკვეული სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხდება ზღვრის გადალახვა. ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ კორპორატივიზმს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინაც ISFED-ი იყო მთავარი აქტორი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ერთი თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს და მაშინაც მივმართავდით, ისინი დაგვხმარებოდნენ, რეალური პარალელური დათვლის შედეგების ნახვაში. მაშინ ყველა ეს ორგანიზაცია დისტანცირდა ამ თემიდან. ამბობდნენ, რომ მათი პროფილი არ იყო პარალელური დათვლა. არ უნდოდათ კრიტიკა გამოეთქვათ კოლეგა ორგანიზაციის მიმართ. სამწუხაროდ, რამდენიმე ორგანიზაციამ არაჯანსაღი სოლიდარობა დააფიქსირა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კორპორატივიზმი და მართლაც გარკვეული სარკაზმია ამაში, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან კორპორატივიზმს, თავად იჩენენ ამ დამოკიდებულებებს, ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან თითქოსდა არაფორმალურ მმართველობას, თავად ითხოვენ არაფორმალურ ძალაუფლებას, როგორც ეს ქნა ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობომ, იმით რომ მოითხოვა ვეტოს უფლება მთავრობის ფორმირებაში“, - აცხადებს პაპუაშვილი.