„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
„თბილისის ფინანსური სამიტი შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების განსახილველად. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მედეგი და მდგრადი აღმოჩნდა და მიაღწია ზრდის ისეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა. მაგალითისთვის, ბოლო 4 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს (9.7 პროცენტი) მიაღწია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანმა ფუნქციამ შუა დერეფანში და ისეთი მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებამ, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და სატრანსპორტო სერვისები, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
„დღესდღეობით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის უნიკალური პოტენციალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში შუა დერეფანში ტვირთბრუნვამ და ეკონომიკურმა აქტივობამ უპრეცედენტო ზრდა აჩვენა. ეს ტენდენცია ნათლად უსვამს ხაზს, რომ ჩვენი რეგიონი ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიად, რომელსაც ევროპისა და აზიის ეკონომიკებისთვისაც ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.
ამასთანავე, აუცილებელია, რომ ვაჭრობის ზრდას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას თან ახლდეს თანამედროვე ფინანსური სერვისების დანერგვა და გაძლიერება. სწორედ ინოვაციური საგადასახადო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები და სტაბილური საფინანსო სექტორი ქმნის იმ საყრდენს, რომელიც შუა დერეფანს არა მხოლოდ ყველზე ეფექტიან სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად, არამედ ფინანსურ ჰაბადაც აქცევს.
საქართველო სწორედ ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად იცავს ფინანსურ სტაბილურობას.
„საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა, ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას.
აღნიშნული ინიციატივები და მარეგულირებელი ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში სტაბილურად განვითარდეს როგორც ტრადიციული საბანკო სექტორი, ასევე, საშუალება მიეცეთ ახალ დაინტერესებულ მხარეებს, დაიმკვიდრონ ადგილი საფინანსო სექტორში.ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება წაახალისებს რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.