შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტიის წევრი კენჭს იყრიდა ერთ-ერთ რაიონში და 67 ათასი ამომრჩევლიდან მიიღო 369 ხმა, მისი პარლამენტში ყოფნა-არყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ, დაასკვნათ

 შალვა პაპუაშვილი

გიორგი გახარიას პარტიის წევრმა, რუსუდან თევზაძემ თქვა, რომ უარს იტყვის საპარლამენტო მანდატზე. ის კენჭს იყრიდა 4 ოქტომბერს, როგორც მაჟორიტარი თბილისის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი და მიიღო 369 ხმა. მისი აქ ყოფნა-არყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია, აქედანაც შეგიძლიათ, დაასკვნათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ის ხალხი საუბრობს ლეგიტიმაციაზე, ვინც 67 ათასი ამომრჩევლიდან 369 ხმა აიღო.

„მესმის მათი მდგომარეობა. წინა პარლამენტშიც იგივე იყო, გახსოვთ მელიას განცხადება, პუფი იქნება ის, ვინც პარლამენტში შევაო და შემდეგ პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში, მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და რთულ მდგომარეობაში არიან, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, თუმცა უფრო უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. დამარცხებულ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან ერთად, არ უნდოდა, ეღიარებინა საკუთარი მარცხი, დაიწყეს გეგმა „ბ“-ზე მუშაობა, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება, მიეცათ მარიონეტებისთვის გარედან. ეს გეგმა ჩავარდა, საბოლოოდ კი ჩავარდა 4 ოქტომბერს. აქვე გავიხსენებ ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. ახლა უწევთ, საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ სამარცხვინო ქცევა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში არ მუშაობდნენ. ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას, შეიძლება, ახლდეს არის ის, რომ შეგვიძლია, პირდაპირ ვნახოთ, რა დავალებები მოდის გარედან. მათ შორის, არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.