შალვა პაპუაშვილი „ფარას“ ანალოგზე: ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გააკრიტიკონ ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონი, არის ის, რომ თქვან - აშშ არის ცუდი, მაგრამ ამას ლიბერალური ინტერნაციონალი ვერ იტყვის

 შალვა პაპუაშვილი

ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გააკრიტიკონ ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონი, არის ის, რომ თქვან, აშშ არის ცუდი და ამას ლიბერალური ინტერნაციონალი ვერ იტყვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან „ფარას“ ანალოგ კანონზე საუბრისას.

მისი თქმით, კანონის არის ამერიკულთან იდენტური და თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკოს.

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“. განზრახ დატოვებულია ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა. ახლა ყველა სიტყვა, ტერმინი, მძიმე არის იდენტური და ახლა პარლამენტი ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა“. ამერიკა რომ არის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა ეს ყველამ იცის. ეს კანონი არის იდენტური ამერიკულთან და თუ კი რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია დღემდე ქმნის ბუნდოვანებას „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.

„დღემდე, რასაც ახერხებენ, არის ერთი რამ - ქმნიან რაღაც ბუნდოვანებას „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, იგონებენ ტყუილს, დეზინფორმაციას, აჯერებენ თავის მხარდამჭერებს და ასევე ზოგ შემთხვევაში უცხოელებსაც აჯერებენ. არავის წაკითხული ჰქონდა კანონი, ისე აკრიტიკებდნენ. ახლა რა უნდა დააჯერონ, ახლა უნდა უთხრან რომ ამერიკა არის ცუდი, ახლა ამას ვერ ამბობენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.