შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციები არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის და ძალაობის გარედან მხარდაჭერა

შალვა პაპუაშვილი

ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციები არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის და ძალაობის გარედან მხარდაჭერა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება პრობლემური ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისთვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ყველა ამ საკითხს ვაწესრიგებთ , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იმ იდეაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს კონსტიტუციური ორგანოების არ აღიარების საჯარო მოწოდება.

პაპუაშვილის თქმით, ეს იდეა, რომელიც გუშინ გააჟღერეს, არის ის, რომ ექსტრემისტულ მიდგომებს დაერქვას თავისი სახელი.

„ჩვენ გვაქვს მაგალითი გერმანიის შემთხვევაში, სადაც იდენტური სიტუაციაა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა კონკრეტული მოძრაობა. ამ მოძრაობის მიმართ ბრალდებები იყო ის, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს, იქ ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე, ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. გერმანიაშიც იყო ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ ამ ჯგუფების მოქმედება, საქართველოშიც იგივე გვესმოდა. და უამრავი სხვა მაგალითი.

ექსტრემიზმი არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის თანამედროვე სამყაროში და ყველა სახელმწიფო ამას ებრძვის. ექსტრემისტულ გამოვლინებებს, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის და წესრიგის წინააღმდეგ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება. ეს არის სისტემა, რომელიც ეყრდნობა თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს, როდესაც აქვს უფლება და არის ვალდებული სახელმწიფო, რომ დაიცვას დემოკრატია, ამიტომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს ეფუძნება ეს მიდგომები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს იდეა არ ეხება პერფორმანსებს და რაღაც ექსცენტრიკულ ქმედებებს, ეს ეხება გააზრებულ პოლიტიკას.

„ეს არ ეხება პერფორმანსებს და რაღაც ექსცენტრიკულ ქმედებებს, ეს ეხება გააზრებულ პოლიტიკას, გააზრებულ მიმდინარეობას, მიმართულებას, რომლის მიზანია, რომ საზოგადოების ნაწილი, ან მათი მომხრეები დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო არ არსებობს, გაუქმებულია, არ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, ეს იდეოლოგია ჩაუნერგონ, რომ ძალაუფლება არის ქუჩაში და საჭიროა უბრალოდ ხელი მოვკიდოთ და ავიღოთ. ზუსტად ამან მიიყვანა ეს ხალხი 4 ოქტომბრამდე“, - განმარტა პაპუაშვილმა.