საქართველოს იუსტიციის მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს

იუსტიცია

საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობისთვის ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დუბაიში.

სამიტზე ქვეყნები საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს უზიარებენ ერთმანეთს. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაზე, ქვეყნის ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში ჩატარდება.

ხვალ პაატა სალია სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე ქვეყნების გამოცდილებებს მიეძღვნება.

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.