1738124123
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში სიმშვიდის შენარჩუნება
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება ეს არის ჩვენი ამოცანა და რაც მთავარია, ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში შენარჩუნება სიმშვიდის იმისთვის, რომ ჩვენს მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საფრთხე არ შეექმნას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით.
„ჩვენ უპირველეს ყოვლისა კონცენტრირებული ვართ ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე. თებერვალში დავიწყებთ პარლამენტის საგაზაფხულო სესიას. მნიშვნელოვანია, რომ საჭირო კანონმდებლობა იყოს მიღებული. მთავრობა აგრძელებს საქმიანობას.
გუშინ და დღეს პრემიერ-მინისტრს ვიზიტი აქვს აბუ-დაბიში და დიდი საინვესტიციო პაკეტზე შეთანხმება მოხდა, რაც ისტორიული მოვლენაა. ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობა ამაღლდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით. 9% არის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის საბოლოო შედეგი, რაც იყო. საქართველო არის მსოფლიოში მეორე. პირველ ადგილზეა სამხრეთ ამერიკული გაიანა, სადაც აღმოაჩინეს ნავთობის საბადო და 43% აქვთ იქ ზრდა, თორემ სხვა მხრივ, ყველაზე წინ ვართ, ყველას ვუსწრებთ ეკონომიკური ზრდის ტემპით თან ეს იმ პირობებში, როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და მიტინგებს გვიწყობენ და გერმანიის პარლამენტის დეპუტატები ჩამოდიან და არეულობას ცდილობენ. ამ პირობებში ამას მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ ტემპებით გავაგრძელებთ ჩვენ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება ეს არის ჩვენი ამოცანა და რაც მთავარია, ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში შენარჩუნება სიმშვიდის იმისთვის, რომ ჩვენს მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საფრთხე არ შეექმნას. ამისკენ არის ყველა ჩვენი ფიქრი მიმართული და არავის მივცემთ უფლებას, რომ არც სანქციებით, არც დასჯის მუქარით როგორმე გადაუხვიოს ჩვენმა ხელისუფლებამ ამ კურსს, რომ საფრთხე შევუქმნათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.