შალვა პაპუაშვილი: ბაჩიაშვილს კრიმინალური ენერგია აქვს, ფული საშუალებას აძლევს მოისყიდოს ციხის ხელმძღვანელობა, გარე პოლიტიკოსები თუ მედია, ეჭვი

შალვა პაპუაშვილი

ბაჩიაშვილმა ლამის თავისი ხელით მანქანა გადააკეთა, აგენტურული სქემა დადგა და მანქანის საბარგულით გადაიპარა, როგორც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ფედერაციულ რესპუბლიკაში იპარებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი.

„ბაჩიაშვილს კრიმინალური ენერგია აქვს. მან ჯერ ასობით მილიონი თუ მილიარდი გააქრო, შემდეგ ლამის თავისი ხელით მანქანა გადააკეთა, ჩაჯდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ფედერაციულ რესპუბლიკაში რომ იპარებოდნენ ხოლმე, იმხელა აგენტურული სქემა დადგა და მანქანის საბარგულით გადაიპარა. ახლა ვხედავთ, რომ ამ ადამიანმა მასზე ძალადობის ინსცენირება გააკეთა. ეს აჩვენებს, რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს, ყველაფერზეა წამსვლელი. ფული, რომელიც მას აქვს, სადღაც არის და საშუალებას აძლევს, რომ გამოიყენოს. დიდ თანხებზეა საუბარი. საშუალება ეძლევა, მოისყიდოს ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული, მედიით დამთავრებული. ეჭვი არავის ეპარება, რომ ამერიკაში ნაყიდი სტატიები ჰქონდა. ვის აინტერესებს, ბაჩიაშვილი ლონდონსა და ნიუ-იორკში?  ნაყიდი სტატიები იყო.

ვხედავთ, თუ როგორ ხდება ფულით მოსყიდვა გარე პოლიტიკოსების, ვინც მას გამოესარჩლა. ნაყიდი მედია აწევს თემას, რომელიც უნდა და გააქრობს თემას, რომელიც არ უნდა. ამის კარგი მაგალითი დონალდ ტრამპია, რომლის წინააღმდეგ ამძაფრებენ საკითხებს, რაც უნდათ, კრიტიკულად წარმოაჩინონ და აქრობენ ლანდშაფტიდან საკითხებს, რაც შეიძლება, სასარგებლო იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.