შალვა პაპუაშვილი: არაღიარების პოლიტიკის ნაწილიც არის, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ არავინ გამოიყენოს - როდესაც ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ასეთი ტერმინი ირიბად არის დამკვიდრებული, არის მიუღებელი, სწორი არის ცხინვალის რეგიონი

პაპუაშვილი

 არაღიარების პოლიტიკის ნაწილიც ეს არის, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არავინ გამოიყენოს. ამის საპირწონედ, როდესაც ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ასეთი ტერმინი ირიბად არის დამკვიდრებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი, სწორი არის ცხინვალის რეგიონი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ.

„როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფო და ხელისუფლება, არამედ მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაცია თუ კერძო პირი ტერმინ „სამხრეთ ოსეთს“ იყენებს, ყველას ცუდად გვხვდება ყურშიც და გულშიც და ვერ ვიღებთ ამას, მიუღებელია. მათ შორის, არაღიარების პოლიტიკის ნაწილიც ეს არის, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ არავინ გამოიყენოს. ამის საპირწონედ, როდესაც ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ასეთი ტერმინი ირიბად არის დამკვიდრებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი, სწორი არის ცხინვალის რეგიონი.

ხაზი უნდა გაესვას, ეს იყო არაკონსტიტუციური ორგანო. თუმცა, ამავე დროს, 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები, სადაც 4 მუნიციპალიტეტი არის არჩეული და ისინი, რა თქმა უნდა, ინარჩუნებენ საკუთარ სტატუსს. ეს 4 მუნიციპალიტეტი არის არჩეული ხელისუფლება ცხინვალში და საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოს გაგრძელება. ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში არის ის 4 მუნიციპალიტეტი და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს აქვს ამავე დროს პირდაპირი მმართველობა ცხინვალში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ 1990-იან წლებში გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და არანაირი ადმინისტრაცია არ არსებობს.

„ეს შეიძლება დააწესოს მხოლოდ კონსტიტუციამ. მთელი ანტიკონსტიტუციურობა იყო ის, რომ შექმნეს წარმონაქმნი კონსტიტუციის მიღმა მაშინ, როდესაც კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს რეგიონული მოწყობა განისაზღვრება მაშინ, როდესაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“ უქმდება.საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება.