ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, სასამართლოს კონტროლის გარეშე სანქციების იარაღად გამოყენება, არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა კომპანია MSL tov-ის საქმეზე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ოფიციალურად დაადგინა, რომ უკრაინის ხელისუფლება და აშშ-ის წინა ადმინისტრაცია სანქციებს იყენებდნენ კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევით ანუ არ აძლევდნენ მოპასუხე მხარეს თავდაცვის უფლებას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის სანქციებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, სადაც უკრაინა იქნა ცნობილი კონვენციის დამრღვევად, როდესაც იურიდიულ პირს დააკისრა სანქციები.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, სასამართლოს კონტროლის გარეშე სანქციების იარაღად გამოყენება, არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. გარდა იმისა, სასამართლომ იმსჯელა სანქციებთან დაკავშირებით და ფაქტობრივად ამხილა სტასბურგის სასამართლომ, რომ სანქციების დეფინიციაც კი აღარ არსებობს, იმდენად აჭრელდა საერთაშორისო სცენა ამ სანქციებით სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, რომ დეფინიციაც კი ზუსტად ვეღარ შეიძლება ითქვას, თუ რა არის სანქცია. დღეს ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, გაიადვილონ საქმე და პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ სანქციის ინსტრუმენტი სასამართლოს გვერდის ავლით, მტკიცებულების სტანდარტის გვერდის ავლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტის გვერდის ავლით, სახელისუფლებო დეკრეტებით ადამიანს უზღუდავენ საკუთრების უფლებას, აქრობენ საფინანსო სისტემიდან და ა.შ., რაც ადრე იყო გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს პრეროგატივა. ანუ არის სისხლის სამართლის სასჯელთან შედარებითი ღონისძიება, რომელსაც ყოველგვარი სტანდარტის გარეშე იყენებენ. ეს გადაწყვეტილებაც იმის დასტურიცაა, რომ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევები არიან“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.
მისი თქმით, დღემდე უცნობია, ვინ და რატომ არის დასანქცირებული გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერ.
„ესტონეთის და მსგავს სახუმარო სიტუაციებზე აღარც ვლაპარაკობ, სასაცილოდაც აღარ ჰყოფნით, რასაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრო აკეთებს. მთავარი, რაც არის სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, მხილებულია, რომ ე.წ. სანქციები დღეს არის სხვადასხვა მთავრობის მიერ გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად, რომ გვერდი აუარონ სისხლის სამართლის პროცესს. ვინმე თუ რამეში არის დამნაშავე, სისხლის სამართლის პროცესი უნდა იყოს და მტკიცებულებების სხვა სტანდარტი არის, სასამართლო კონტროლის სხვა სტანდარტი არის. დღეს მთავრობის დეკრეტით ხდება და ესეც ხაზს უსვამს, არის ინსტრუმენტი, რომ მოხდეს ადამიანის სტიგმატიზება, როგორც საერთაშორისო დამნაშავისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. ის, რასაც ადრე სჭირდებოდა გაერო, უშიშროების საბჭო და ა.შ, დღეს 1 200 000-იანი ესტონეთის დონეზე არის დასული. როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რა ეწყინება და რა არა, ამის მიხედვით არის. შეგახსენებთ, ესტონეთს ტყუილად არ ვამბობ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველ პირებად გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ყველა წევრი. ასეთი მტრული ნაბიჯი როდესაც გადაიდგმება ესტონეთის მთავრობის მხრიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ეს ინსტრუმენტი არასასურველ პირად გამოცხადებისა, სანქციების დაწესებისა არის ჩვეულებრივი, ამან ჩაანაცვლა სხვა ტიპის იარაღი, რომ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატაროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.