სენატში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად განიხილეს და ცალკე არ უყარეს კენჭი, კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან, ცალკე განხილვის შემთხვევაში, მიღების ალბათობა არ იყო - ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად პაკეტურად განიხილეს და მას კენჭი ცალკე არ უყარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აქტი კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან, ცალკე განხილვის შემთხვევაში, მისი მიღების ალბათობა არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამხარაძის თქმით, „მეგობარი აქტი“ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ დაეხმარება.

„ეს ჯერ კანონპროექტია. მსგავსი უამრავი კანონპროექტი გვინახავს. ვიდრე ის კანონის სახეს არ მიიღებს, მანამდე ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. რაც შეეხება ინიციატივას, ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არ დაეხმარება, არ იმუშავებს და არ იქნება კარგი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ თაობაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ კომიტეტის მიერ აქტის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურად უკვე აიკრძალა.

„რაც პოლიტიკაში მოვედი, ოპოზიცია საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე გაუქმებულია. ამას უკვე რვა წელია, ვისმენთ. არ მგონია, ოპოზიციის განცხადებებს ვინმე სერიოზულად მოეკიდოს. ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაზე სერიოზული გეგმები აქვს და ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ოპოზიცია“, – განაცხადა სამხარაძემ.