1740388520
საზოგადოება „ქართული“: დღეს ეს ომი აშშ- ის ახალი ადმინისტრაციის უპირველესი პოლიტიკური ამოცანაა, რომლისთვისაც ასევე პატრიოტიზმია გზა კოსმოპოლიტიზმისკენ და არა პირიქით

ნეოლიბერალური ინტერნაციონალის „დიფ სთეითითან“ ბრძოლა საქართველომ ერთ- ერთმა პირველმა დაიწყო. დღეს ეს ომი აშშ - ის ახალი ადმინისტრაციის უპირველესი პოლიტიკური ამოცანაა, რომლისთვისაც ასევე პატრიოტიზმია გზა კოსმოპოლიტიზმისკენ და არა პირიქით, - განცხადებას საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს.
„25 თებერვლის ტრაგედიაზე ბევრი ითქვა და მომავალშიც ბევრი დაიწერება. სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ XX საუკუნის დასაწყისში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა გარემომ მაშინდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მანევრირების მცირე შანსი დაუტოვა. თუმცა, ვფიქრობთ, ახალი ქართული სახელმწიფოს კრახის მიზეზებს შორის დღემდე სათანადო ყურადღება არ გამახვილებულა პოლიტიკური კლასის იდეოლოგიური დოქტრინების როლზე. უფრო მეტიც, ამის გაუთვალისწინებლობამ არაერთი მარცხი განგვაცდევინა გასული საუკუნის 90-იან წლებში და მათგან მომავალშიც არ ვართ დაზღვეულები.
1905 წელს ვაჟა ფშაველამ გამოაქვეყნა წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, რითაც სცადა ქართული საზოგადოება მის შიგნით მომხდარი განხეთქილების შესაძლო სავალალო შედეგებზე გაეფრთხილებინა. ილიას „საერთო ნიადაგის“ თეორია და ევროპიდან იმპორტირებული სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიები გამორიცხავდნენ ერთმანეთს, რამაც ჯერ ილია შეიწირა, ხოლო შემდეგ კი ისტორიული შანსი, აგვეშენებინა ძლიერი ქართული სახელმწიფო.
ქართველ სოციალ-დემოკრატებს, მიუხედავად იმისა, რომ ერის ერთიანობის ილიასეულ მიდგომას უარყოფდნენ, მოუწიათ ეროვნული ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მაგრამ, ეს მათი მხრიდან იყო კომპრომისი და მოლოდინი რუსეთსა და ევროპაში მსოფლიო რევოლუციების უდავო გამარჯვებისადმი. ამის გამო, მთავრობის მზაობა ქართული სახელმწიფოს დაცვისა და ერის ერთიანობის უზრუნველსაყოფად, არ იყო საკმაოდ მტკიცე და თანმიმდევრული.
გეოპოლიტიკურ ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ქართული სახელმწიფოებრიობის მარცხი ქართველი პოლიტიკოსების იმ სოციალისტური ინტერნაციონალის იდეოლოგიისადმი ერთგულებამაც გამოიწვია, რომელიც კოსმოპოლიტიზმის სასარგებლოდ უარყოფდა პატრიოტიზმს და ერის ერთიანობის აუცილებლობას.
ქართველ ერს არ გაუმართლა სოციალ-დემოკრატების მეორე ნაწილშიც. პირიქით, გააფეტიშეს რა კლასობრივი ბრძოლისა და მსოფლიო რევოლუციების დოქტრინები, ბოლშევიკები საოკუპაციო ჯარებს შემოუძღვნენ და ყველაფერი გააკეთეს ქართული სახელმწიფოს დასამარცხებლად. მათაც პატრიოტიზმს კოსმოპოლიტიზმი და კომუნისტური ინტერნაციონალისადმი ერთგულება ამჯობინეს.
სამწუხაროდ, ეს დილემა კვლავ დადგა ქვეყნის წინაშე, როგორც კი გასული საუკუნის 90-იან წლებში ისევ მოგვეცა სახელმწიფოებრიობის აღდგენის ისტორიული შანსი. პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების პასიონარული ნაწილისთვის თავისუფლება ბატონის შეცვლა აღმოჩნდა და არა ილიასეული „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. დღეს უკვე ცხადია, რომ მათ გარე ძალებთან კავშირში პირველი პრეზიდენტი იარაღით დაამხვეს და ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვიეს. შევარდნაძეც მანამდე იყო ხელისუფლებაში, სანამ დასავლეთში არ ჩათვალეს რომ აუცილებელი იყო მისი ახალგაზრდა სააკაშვილით ჩანაცვლება. გლობალური ნეოლიბერალური ძალებისადმი უსიტყვო მორჩილებამ და დასავლეთის „დიფ სთეითის“ ინტერესების უპირობო შესრულებამ ქვეყანა 2008 წლის რუსეთთან ომსა და ისტორიული ტერიტორიების ხელახალ ოკუპაციამდე მიიყვანა.
2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო შემობრუნება ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, მაგრამ რეალურად, მხოლოდ 2022 წლიდან გახდა შესაძლებელი ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ნეოლიბერალურ ინტერნაციონალს ანუ „გლობალურ ომის პარტიასა“ და ქართულ სახელმწიფოს შორის, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არსებობდა ინტერესთა შეუთავსებლობა. ამ დაპირისპირებამ სხვადასხვა სტადიები გამოიარა, მაგრამ არსი ისევ ტრადიციულ დილემას უკავშირდება: კოსმოპოლიტიზმი, რომელიც დღეს დასავლეთის „დიფ სთეითისადმი“ მონურ მორჩილებას გულისხმობს, ებრძვის პატრიოტიზმს, რომელიც სუვერენიტეტსა და ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს წინ. ამ კონტექსტშია განსახილველი დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები, რომელშიც გამოკვეთილია თუ ვინ უჭერს მხარს პატრიოტიზმს და ვინ კოსმოპოლიტიზმს.
რომ შევაჯამოთ, ახალ დროში ქართველთა ერთიანობას ხელს უშლიდა და უშლის დასავლური, ე. წ. ტრენდული, ინტერნაციონალური კოსმოპოლიტური იდეოლოგიების მატარებელი პოლიტიკური კლასისა თუ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფინანსდება და მართვადია გარედან და უცხოეთის დახმარებით ცდილობს ძალაუფლების ძალადობით ხელში ჩაგდებას. მათი მიზანია, ქართველებისგან შექმნას ახალი, მსოფლიო მოქალაქე, რომელსაც არ ექნება ეროვნული შინაარსი, ღირებულებებისადმი და ტრადიციებისადმი ერთგულება და ქართული სახელმწიფოს ინტერესების პირველადობის განცდა. ერთი სიტყვით, „დიფ სთეითის“ მიერ გარედან მართული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია, ე. წ. არასამთავრობო სექტორი, ე. წ. კრიტიკული მედია და მათი მხარდამჭერი ე. წ. „პროდასავლელი“ საზოგადოება, თავისი კოსმოპოლიტური დღის წესრიგით, ნეოლიბერალური „ვოუქისტური“, გენდერული, რადიკალური მემარცხენე თუ მემარჯვენე ანტიეროვნული იდეოლოგიებითა და სიძულვილის ენით არის ქართველთა ერთიანობისათვის მთავარი დაბრკოლება დღეს.
გერონტი ქიქოძე 1914 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ენა და ეროვნული ენერგია“, ხაზს უსვამდა ეროვნული შემოქმედებითი ენერგიის გამთლიანების აუცილებლობას. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ერთიანობის თემა დღესაც მწვავედ გვიდგას და, სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებთან ერთად, მის მისაღწევად აუცილებელია გარედან ფსევდო-რეფორმით თავსმოხვეული „განათლების დეფიციტის“ აღმოფხვრა და განათლების სისტემის ისეთი რეფორმის ჩატარება, რომელიც განათლებას აქცევს ჩვენი მომავალი თაობების პატრიოტებად და ჰუმანისტებად აღზრდის მძლავრ კერად.
ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და დაადასტურა, რომ მისი დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს სუვერენიტეტს და პატრიოტიზმს , რომელიც არათუ არ ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, არამედ არის საკაცობრიოს მბადი და მასაზრდოებელი წყარო. ასე მიაჩნდა ვაჟასაც, რომელიც ამბობდა: „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“.
25 თებერვლის მთავარი გაკვეთილი, ჩვენი აზრით, ისაა, რომ საკმაოდ მტკიცე და შეუპოვრები, ასევე გონიერები და რაციონალურები უნდა ვიყოთ , როცა საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა სახელმწიფოსა და გაერთიანებას თავისი ინტერესი აქვს და იგი არათუ შეიძლება არ ემთხვეოდეს ჩვენსას, არამედ იყოს საწინააღმდეგო. ქართულმა სახელმწიფომ უნდა შეძლოს ამ გარე ინტერესების სწორად მართვა და უცხო გავლენების მქონე ყველა სუბიექტის საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება. ამერიკული „ფარას“ კანონი თუ სხვა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ ბერკეტებს შექმნის ამ მიმართულებით.
25 თებერვალი არ უნდა განმეორდეს. ერთიანობითა და გარედან თავსმოხვეული კოსმოპოლიტური იდეოლოგიების მხილებითა და მათი მატარებელი სუბიექტების პოლიტიკური არენიდან ჩამოცილებით, უნდა შევძლოთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და მისი სულის ეროვნული იდეოლოგიით გაჯერება“, - ნათქვამია განცხადებაში.