საყვარელიძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სასწორზე შეაგდო საქართველოს ბედი - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

დავით საყვარელიძის განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და საქართველოს სუვერენიტეტი სააკაშვილის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგად.

ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საყვარელიძემ აღიარა, რომ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას არ ადარდებდათ საქართველოს ბედი.

"ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბატონმა საყვარელიძემ, პრაქტიკულად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც წლებია ვსაუბრობთ "ნაცმოძრაობისა"და მათი ლიდერების მიმართ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

პროვოკაციას იყო აყოლილი მაშინდელი ხელისუფლება. არ ჰქონდათ გეგმა, დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რაც უცხოური ძალების, რუსეთის მხრიდან წამოვიდა. ამ დროს საუბრობდნენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ. თურმე, მეორე დღეს გაიგეს, რომ რუსეთი არავის დაუთმობდა იმ ტერიტორიას, რომელზეც სააკაშვილის ბრძანებით სამხედრო ძალები შეიყვანეს.

საყვარელიძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სასწორზე შეაგდო საქართველოს ბედი. თქვა კიდევაც, ნახევარი ნაბიჯი გვაკლდა და დავკარგავდით სახელმწიფოებრიობასო.

ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ - სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას და ქართულ იდენტობას დაკარგავდნენ, პროვოკაციაზე და ავანტიურაზე აყოლით. ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად, რომ არ ადარდებდათ საქართველოს ბედი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.