„სავალდებულო მკურნალობა დეტოქსიკაციასა და რეაბილიტაციას მოიცავს“ - მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

"სავალდებულო მკურნალობა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაცემა "დებატებში" აცხადებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სავალდებულო მკურნალობა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, მათ შორის პირველ ეტაპზე დეტოქსიკაციას, რაც ფიზიკური დამოკიდებულებისა და ადიქციის შემცირებას ემსახურება. მისი თქმით, ეს მხოლოდ საწყისი ფაზაა, რომელსაც ქვეყანაში უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს დაგროვილი. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციაა, რადგან ადიქციის მოხსნა და პირის სრულფასოვანი აღდგენა სწორედ ამ ეტაპზეა კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

"სავალდებულო მკურნალობა - მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავალდებულო მკურნალობა ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეს შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს დეტოქსიკაციას, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია, აი მართლა მოლეკულებთან ბრძოლა, ეს არის რეალურად მოლეკულა იმიტომ, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ფიზიკური მოთხოვნილება, მიბმა და ადიქცია და ა.შ. ან სულ მცირე, ეს იყოს მაკლები დროის განმავლობაში. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ეს პირველი ფაზაა, რომელიც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით დაგროვილი არის ქვეყანაში.

მეორე არის ფსიქოლოგიური და სოციალური - ის, რასაც რეაბილიტაციას ვეძახით. ეს არის დიდი მკურნალობის შემადგენელი, უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ადიქციის მოხსნა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.