1745299467
საქართველოში გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი, თუმცა დიდი გემებისთვის არ არის საკმარისი, ამიტომ დაიწყო ანაკლიის პროექტი, ამ პორტის დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია - მაკა ბოჭორიშვილი

უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის და ამავე დროს, როგორც „შუა დერეფნის“ მონაწილე მნიშვნელოვანი მოთამაშის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაკავშირებადობის პროექტებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში, პანელურ დისკუსიაზე „ხედვა კავკასიიდან“ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს აქვს გარკვეული შესაძლებლობები აღნიშნულის განსახორციელებლად, თუმცა კიდევ მეტია გასაკეთებელი.
მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის პროექტები და სწორედ ასეთი შემთხვევაა ანაკლიის პორტი.
„ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი საქართველოში – ფოთისა და ბათუმის, ორივე მუშაობს, თუმცა დიდი გემებისთვის ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არ არის რესურსების სრული ათვისებისთვის, ამიტომაც დაიწყო ანაკლიის პროექტი. არ დავაკავშირებდი მას გეოპოლიტიკასთან, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, ჩვენ ძალიან ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. მხოლოდ ჩინური კომპანია არ მუშაობს ანაკლიის პორტზე, ბელგიური კომპანიაც ასრულებს სამუშაოს ნაწილს. ამ პორტის დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.