საქართველოში ჩამოსულ დელეგაციას ევროპარლამენტის სახელით საუბრის მანდატი არ აქვს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

საინტერესოა, საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები ვის წარმოადგენენ, აქვთ თუ არა ევროპარლამენტის სახელით საუბრის მანდატი, ჩვენი ინფორმაციით, მათ ეს მანდატი არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც საღად აცნობიერებენ და ხედავენ მოვლენებს, მათ შორის საქართველოშიც, მზად ვართ, ევროპარლამენტთან გავაგრძელოთ ურთიერთობები ჩვენი საზოგადოებების ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე.

„საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარების ერთადერთი მიზანია, რომ აქ დამატებითი დაძაბულობა გააჩინონ. გუშინაც ვნახეთ, რომ რეალურად ეს იყო მათი მიზანიც. ეს ადამიანები ევროპარლამენტის და ზოგ შემთხვევაში, ევროკავშირის სახელით საუბრობენ. საინტერესოა, საქართველოში ვისი სახელით არიან ჩამოსული, ვის წარმოადგენენ, აქვთ თუ არა იმის მანდატი, რომ ევროპარლამენტის სახელით ისაუბრონ. ჩვენი ინფორმაციით, მათ ეს მანდატი არ აქვთ. ამიტომ, რასაც აკეთებენ, როცა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სახელით გამოდიან, ეს პირდაპირი დარღვევაა მათივე რეგულაციების. გასაგებია, რომ ევროპარლამენტში სხვადასხვა იდეოლოგიის ძალები არიან, მაგრამ არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც საღად აცნობიერებენ და ხედავენ მოვლენებს, მათ შორის საქართველოშიც რაც არ უნდა მოხდეს, მზად ვართ, ევროპარლამენტთან გავაგრძელოთ ურთიერთობები ჩვენი საზოგადოებების ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.