საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საქართველოს დელეგაციამ შედეგები შეაჯამა

ეროვნული ანგარიშის მოსმენა

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საქართველოს დელეგაციამ შედეგები შეაჯამა. დელეგაციის წევრების განმარტებით, ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს მიმართ გასცა, ეროვნული ინტერესების ფარგლებში გაითვალისწინებენ.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სახელმწიფოებმა ერთმანეთს მისცენ გარკვეული რეკომენდაციები. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მივიღეთ, ძალიან დიდი გულის ყურით განვიხილავთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.

„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარედგინა დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმებისა და მიღწევების შესახებ, რაც სამართალდამცავთა გაძლიერების, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ასევე ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს იმ მოწინავე მდგომარეობის და პოზიციების შესახებ, რაც სხვა და სხვა საერთაშორისო ინდექსში ჩვენ გვაქვს და წინ ვუსწრებთ არაერთ ევროპულ ქვეყანას“, - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო საინტერესო მაგალითია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება.

„ნებისმიერი დისკუსიის დროს ქვეყნების უმეტესობა აბსოლუტურად იზიარებს იმ პოზიციებს და ხედვას, რომელიც საქართველოს აქვს. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის საკუთარი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, საქართველო მათთვის საინტერესო მაგალითად რჩება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ მისცეს, რაც სასიხარულოა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო ის ინფორმაცია რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ ორ არჩევნებს, იქ გამოყენებულ ტექნოლოგიებს. მინდა ვთქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანას თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ მიეცა, რაც არის ძალიან სასიხარულო. საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებას“, - აღნიშნა შარაბიძემ.