საქართველოს რკინიგზა საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკმატარებელს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა

ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა ბლოკმატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ნიშნავს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალი ბლოკმატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ბლოკმატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს.

მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას ხელი ალმათიში მოაწერეს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთმფლობელებს გამარტივებულ „ტერმინალიდან კარამდე“ სერვისს სთავაზობენ. ბლოკმატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ. შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის ფოთის პორტიდან ბაქოში ჩატანას უმოკლეს დროში შეძლებენ. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება, რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან“, – აღნიშნავენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე ცნობით, ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

„ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს ბათუმიდან/ფოთიდან/თბილისიდან ბაქოში და პირიქით, შეფერხებების გარეშე მიიღებენ. ამ სერვისით ტვირთმფლობელები, დროის გარდა, მნიშვნელოვნად დაზოგავენ ხარჯებს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ტერმინალებში ტვირთისა და ცარიელი კონტეინერების გაჩერება ყოველდღიური საფასურის გადახდას გულისხმობს. საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ლოგისტიკური სერვისების გამარტივებას. ჩვენი მიზანია, კომპანიამ რაც შეიძლება მეტი ტვირთი გადაზიდოს, შედეგად კი საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გავზარდოთ“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.