საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტის სასახლეში გადაეცათ.

მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა.

"ძლიერი ქართული პოლიცია, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა, გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა და ატარებდე მუნდირს, მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია, ვინც მზადაა, დაუფიქრებლად გაწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად. ფასდაუდებელია თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი. თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თითოეული სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა. ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ვერავინ შეძლებს, შეარყიოს ქართველი ხალხის ნება, გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა.

თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას - დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას - რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ამიტომ, მსურს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაგაჯილდოოთ.

გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ჯილდოს მიღება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაფასებისთვის და თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა.

კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ იოსებ ჭელიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ გიორგი ბუთხუზს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ ალექსანდრე დარახველიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ვაჟა სირაძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ თეიმურაზ კუპატაძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მილერი ლაგაზაურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მირზა კეზევაძეს.