„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ოჯახურ ღირებულებებს. საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა, ქართული კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
„საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. მიყვარს საქართველო, ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვბრუნდები. რაც ყველაფერზე მეტად მსურს ისაა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ამისათვის რისი გაკეთებაც შემიძლია, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პირველ ლედისთან შეხვედრა და მასთან ერთად საქართველოზე საუბარი. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტი ამერიკელი ესტუმრება საქართველოს და გამოცდის გასაოცარ სტუმართმოყვარეობას, ეზიარება საქართველოს ქრისტიანულ ფესვებსა და ქართულ ხასიათს - ეს ყველაფერი ისაა, რაც ამერიკელებმა აუცილებლად უნდა ნახონ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე ასეც იქნება", - განაცხადა „ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტმა ბრაიან ს. ბრაუნმა.
„ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა ვალერი ჰაბერმა კი აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობას.
„ჩვენი შეხვედრა დიდად შთამაგონებელი იყო. მე ჯერ არ მომინახულებია საქართველო, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციას არის შეერთებული. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ქალებზე, ბავშვებსა და ოჯახებზე, ასევე იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ვითარდება, საიდანაც სხვა ქვეყანამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, ეს ნამდვილად ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო", - განაცხადა ვალერი ჰაბერმა.