საქართველოს პარლამენტმა მიიღო მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც დაფუძნებულია ბრიტანულ მოდელზე, თუ ბრიტანეთის ელჩი აკრიტიკებს ამას, ის აკრიტიკებს თავისი ქვეყნის კანონსაც - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

მმართველი გუნდი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის, გარეთ უორდის განცხადებას ეხმაურება. ელჩმა პრესის თავისუფლების დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხელისუფლება მედიის შეზღუდვაში დაადანაშაულა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩისგან მსგავსი განცხადებები არ უკვირს, რადგან არჩევნებამდეც იკვეთებოდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდა.

"სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად გასაკვირი არ არის ბრიტანეთის ელჩისგან მსგავსი განცხადებები. ადამიანისგან, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომლითაც იკვეთებოდა, რომ ის მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდა. ამ ინტერვიუდან გამომდინარე იკვეთებოდა შენიღბულად თუ ღიად, რომ ამომრჩეველს მხარი ოპოზიციისთვის დაეჭირა.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც თავიდან ბოლომდე, დაფუძნებულია ბრიტანულ მოდელზე. თუ ბრიტანეთის ელჩი აკრიტიკებს ამას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის აკრიტიკებს თავისი ქვეყნის კანონსაც", - განაცხადა გივი მიქანაძემ.