საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს.

"ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო წილოსანმა მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

✕